ბაგრატ III (978-1014)
- gigabe185
- Feb 23, 2016
- 4 min read
ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, მეფეთა-მეფის გურგენის და გურანდუხტ დედოფლის შვილი.
ფეოდალური საქართველოს გაერთიანება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. იგი დაიწყო VIII ს. ბოლოს. ამ მოვლენის შესახებ მოგვითხრობს ეროვნული წყარო ,,მატიანე ქართლისა''. ქართველი მეფე-მთავრები იბრძვიან საკუთარი სამთავროების საზღვრების გაფართოებისათვის, პირველობისათვის. პირველობისათვის ბრძოლაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიდა ქართლის დაუფლებას. შიდა ქართლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც სტრატეგიულად, ასევე პოლიტიკურად. ქართული ქრისტიანობის ცენტრიც შიდა ქართლში – მცხეთაშია. ამავე დროს იგი წარმოადგენს ძველი ქართლის სამეფოს, სეფე-სახლის უმთავრეს დომენს. ქართლის მეფის თავდაპირველი ხელისუფლებაც ამ ქვეყნის მფლობელობის საფუძველზე უნდა იყოს აღმოცენებული. ქართლი ყველაზე დაწინაურებული მხარეა ეკონომიკურად და კულტურულად. ბრძოლა ტერიტორიისათვის ,,არგვეთიდან ტასის კარამდე'' დაუნდობელია, ეს არის ,,ბრძოლა ქართლსა ზედა''.
VIII ს. დასასრულს შიდა ქართლი კახეთს ეკუთვნის. IX ს. დასაწყისში მას ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) იერთებს, IX ს-ის მე-2 ნახევრიდან X ს-ის 70-იან წლებამდე იგი პერმანენტულად ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ X ს. 70-იანი წლებიდან აქ იწყება შინაფეოდალური ომები, რაც სამეფოს დასუსტებას იწვევს. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს (975-978) მეფობაში. ამით სარგებლობს კახეთის საქორეპისკოპოსო, და იწყებს ქართლისათვის ბრძოლას.
საჭირო ხდება გადამჭრელი ზომების მიღება. იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე, თანამოაზრეებით. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევს მცირეწლოვანი ბაგრატ III-ის პიროვნება. რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ ,,წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი''. დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხისთვის (ქართლის პოლიტიკური ცენტრი) ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთიდან ლაშქარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III-ის ენერგიული ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას, გურანდუხტ დედოფალს გადაეცა. მოგვიანებით, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელის შეწყობით და დავით ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს, უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფოს მართვას.
ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III-ს მიუძღვის.
ბაგრატ III-ის უპირველესი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები, რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევთ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება.
980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია, რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები, კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა, მდგომარეობა განიმტკიცა და ისევ აფხაზეთს გადავიდა. ასე დაამკვიდრა მან თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე.
დამოუკიდებლად არსებობს კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, თბილისი და ქვემო ქართლის ნაწილი არაბ ამირას ემორჩილება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელთა ხელშია. მის ერთ ნაწილს ჯერ ბაგრატ III-ის პაპა, ბაგრატ II ფლობს, შემდეგ კი ბაგრატის მამა გურგენი. მეორე ნაწილს კი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი. კლდეკარის საერისთავო დაუმორჩილებლობას აცხადებს.
989 წლის ზამთარს, ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს მიადგა. რატი რატის ძე ბაღვაში მეფეს დანებდა, გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი) შეავედრა შვილი და თვითონ ,,დაჯდა მამულსა თჳსსა არგვეთს''. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა, როგორც მოხელე-ერისთავს.
1001 წელს, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი კეისარმა (976-1025) დაიკავა. იქ მისულ ბაგრატ III-ეს და გურგენ მეფეს, მემკვიდრეობის მიღების სანაცვლოდ კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, მეორეს კი მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა, რადგან იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოხერხდა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ე.წ. ,,იბერიის თემი'', საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. შემდეგში ეს ტერიტორიები საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლების მიზეზი გახდა.
1008 წელს, გურგენ მეფეთა-მეფის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ III-ემ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ბაგრატ III-ემ პირველმა მიიღო ,,აფხაზთა და ქართველთა'' მეფის ტიტული.
ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომელიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა ,,უკუეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი''. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთის დასაპყრობად. ამ დროისათვის აქ კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატ III-ემ ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა, ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში ,,წლითი წლამდისი'' მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა.
მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-ემ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანი) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტრების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.
საქართველოს გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული ხდებოდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი (ბაგრატ არტანუჯელის ძენი), რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვითომ შერიგების მიზნით, სადარბაზოდ მოიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც ისინი გარდაიცვალნენ. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიდან ნაწილი ბიზანტიაში გაიხიზნა, ნაწილი კი პატიმრობაში დაიხოცა. მათი სამფლობელოები ბაგრატმა შემოიერთა.
ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა, მისია, რომელიც დაეკისრა, პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას და სახელმწიფო ,,საქართველო''-ს. ბაგრატ III იწოდებოდა ,,მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა კურაპალატი''. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო.
აი რას წერს მის შესახებ მემატიანე: ,,ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მისანდობელნი და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა... რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა ქონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათჳს''.
ბაგრატ III-ის მეფობაში აიგო ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლები: ბედიისა და ბაგრატის (ქუთაისი) ტაძრები, ნიკორწმინდა.
ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხეში, დაკრძალულია ბედიას.
Comentarios